19 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
პარლამენტის მიერ არჩეულ არცერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია - ჯანეზაშვილი

ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი იმ ერთი კანდიდატის ვინაობა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. საკითხზე კონსულტაციები დღეს უზენაეს სასამართლოში იგეგმება. ამავე თემას შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გასვლითი სხდომაც.

საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებით, ეს კანდიდატად შესაძლოა გიორგი მიქაუტაძე ან ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყვნენ. მიმდინარე პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრები ფარსს უწოდებენ. ანა დოლიძის თქმით, თავმჯდომარედ იმ პირს აირჩევენ, რომელიც ხელისუფლებისთვის კომფორტული იქნება.

ცოტა ხნის წინ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კონსულტაციებს, რომლის ფორმატიც არ არის განსაზღვრული, ოფიციალური დატვირთვა ვერ ექნება. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ დეკემბერში არჩეულ არც ერთ მოსამართლეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ ყოფნის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

"დამერწმუნეთ, რომ ერთსაათიან კონსულტაციებს, რომელსაც დღის წესრიგიც კი არ აქვს და ფორმატიც კი არ არის განსაზღვრული, ვერ ექნება ვერანაირი ოფიციალური და სერიოზული დატვირთვა, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენიღბონ თავისი მზაკვრული გეგმები და თითქოს ჩართულობა აჩვენონ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან უზენაეს სასამართლოში, თითქოს ისინი ამ პროცესში არიან მონაწილეები. 

არც ერთ იმ მოსამართლეს, რომელიც დეკემბერშია არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება იმისა, რომ ან იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები