19 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ახალ საარჩევნო მოდელს "ამბოხებული მაჟორიტარებიც" უჭერენ მხარს - გამონაკლისი კახაბერ ოქრიაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათი სრული უმრავლესობისთვის საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტი მისაღებია. 

მისივე თქმით, საარჩევნო ოლქების საზღვრები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით გადანაწილდა.

"ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კომპრომისულ ვარიანტს და ისინი პრობლემას ვერ ხედავენ ამაში. კომპრომისულ ვერსიას მხარს უჭერს ყველა, ამიტომ დაერქვა კომპრომისული და ამიტომ შედგა შეთანხმება. ჩვენ აქ მოგვიწევს, რომ გამოვიდეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომლის მიხედვითაც ე.წ. გადახრა რაოდენობიდან არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ჩვენ გვიწევს, რომ ამ ჩარჩოებში მოვაქციოთ 30-ვე ოლქი. მაგრამ, საუბარია გამონაკლისებზე მხოლოდ და მხოლოდ იქ, სადაც შეიძლება იყოს ეროვნულ უმცირესობებზე ან მაღალმთიან რეგიონებზე საუბარი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო "ამბოხებული მაჟორიტარებიდან", რომლებმაც, თავის დროზე, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდეს, აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებულ კომპრომისულ ვარიანტს მხარს დაუჭერს. 

"ოლქების გადანაწილება ხდება, ცხადია, საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შედეგად და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, ხმათა თანაბრობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. ამიტომ, ზოგადად, საქართველო დაიყოფა 30 საარჩევნო ოლქად და ცხადია, ყველა საარჩევნო ოლქი ისე, როგორც იყო დალაგებული, აღარ იქნება, ცვლილებები მოხდება. მაგრამ, ცხადია, ოლქები არ წყვეტს და საარჩევნო სისტემები არ წყვეტს საარჩევნო შედეგს, საარჩევნო შედეგი დამოკიდებულია მოსახლეობის მხარდაჭერაზე. ასე რომ, ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს შედეგი ამ საარჩევნო სისტემით. ჩემი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება ამ საკონსტიტუციო პროექტს, რადგან ყველა ის მოთხოვნა, რაც ჩვენ გაგვაჩნდა თავის დროზე, გათვალისწინებულია,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

2020 წლისთვის ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო სისტემის მოდელს მხარდაჭერას უცხადებს კიდევ ერთი "ამბოხებული მაჟორიტარი" ირაკლი (დაჩი) ბერაია. მისი თქმით, ერთგვაროვანი პრობლემების მქონე მუნიციპალიტეტი ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანდა, რაც მაჟორიტარ კანდიდატს გამოწვევებთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობას გაუმარტივებს. 

"ჩვენს რეგიონს გავეცანი, სამეგრელოს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში. მისაღებია, კარგად დაკომპლექტდა, ერთგვაროვანი პრობლემების და გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტები გაერთიანდა ერთ საარჩევნო ოლქში, ანუ ერთ მაჟორიტარს ექნება შესაძლებლობა, სრულად წარმოაჩინოს თავისი მაჟორიტარული ოლქის პრობლემები საქართველოს პარლამენტში და შეძლოს ერთგვაროვან პრობლემებზე მუშაობა,"- განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ

ერთადერთი მაჟორიტარი, რომელიც 2020 წლისთვის ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს მხარს არ დაუჭერს, კახაბერ ოქრიაშვილია

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარებთან შეხვედრა, შეხვედრის შედეგად კი საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების სამუშაო ვარიანტი გამოიკვეთა. 

დღის ამბები