19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ - მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციის ზომები მკაცრდება

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, COVID-19-ით ინფიცირებული მანამდე ევროპაში იმყოფებოდა. თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო. ანკარა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს.

"ჩვენ მოქალაქეს COVID-19 დაუდგინდა. მას მანამდე მაღალი სიცხე და სხვა სიმპტომები ჰქონდა. ვირუსი ქვეყანაში შემოტანილია ევროპიდან. ინფიცირებული იზოლაციაშია და იმედია სხვა შემთხვევები არ გამოვლინდება. პაციენტის საერთო მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ასევე მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ვაკვირდებით," - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფარეტინ კოჩამ.

დაკვირვების ქვეშაა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრიც, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ნადინ დორისი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება ბრიტანეთში COVID-19-ის გამო არსებულ ზოგად ვითარებას დაღუპულია 6 და ინფიცირებულია 382 ადამიანი. იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპის სხვა ქვეყნებში: საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში.

"კორონავირუსი ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება. გვაქვს ფატალური შემთხვევაც. კონტაქტზე ვართ კლინიკებთან, რომ მზად ვიყოთ. რთული ვითარებაა,"- აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სტეფანი ფიში.

ყველაზე რთული ვითარება ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახლა იტალიაშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 168-ით გაიზარდა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი. სულ გარდაცვლილია 631 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში თითქმის ათასით მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამაც. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. იტალიის მთლიანი ტერიტორია საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აიკრძალა ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება. გაუქმებულია კულტურული, რელიგიური, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, გარეთ გასვლის შემთხვევაში კი ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაციას აძლევს. ვირუსის პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებს, რომლებმაც იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს, დღეს პორტუგალიაც შეუერთდა.

"ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ იტალიის სასარგებლოდ: ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება," - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ

კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას წყვეტს. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე პოზიტიური სტატისტიკაა ჩინეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა 76% გამოჯანმრთელდა. შემცირდა ინციფირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობა.

დღის ამბები