14 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა.

გეგმა ეკონომიკურმა გუნდმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური რყევების გათვალისწინებით უნდა შეადგინოს. 

"პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე.

გვესმის, რომ ეს გლობალური გამოწვევაა, მაგრამ დროებითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები