19 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობას იწყებს

კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმაზე იწყებს მუშაობას. ეკონომიკური გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს იქნება გლობალურად ქართული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც გლობალურ გამოწვევებს პასუხობს.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. 

"ეს არ იქნება მხოლოდ ტურიზმი, ეს იქნება გლობალურად ქართული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, ღირსეულად რომ ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას. რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს, მათ შორის, სანავთობო ბაზრებზე არსებული ვითარება, იმიტომ რომ ეს არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას, 3%-ით მოხდა გაუფასურება. თებერვალში ტურისტების რაოდენობა პრაქტიკულად, კლებაში გადავიდა და ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმებული დროებითი პოლიტიკის შედეგია. ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, იმიტომ რომ ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო. ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ლარის კურსზე რაიმე კომენტარის გაკეთება უადგილოა.

"იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ ლარის კურსზე კომენტარი არ იქნება სწორი. რასაკვირველია, ცოტა უნდა დასტაბილურდეს  სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენთან... დინებას კი არ მივყვებით, ადეკვატურობის შენარჩუნებას ვცდილობთ. ეკონომიკური გუნდი მთლიანად უნდა შევჯერდეთ, რა იქნება სექტორული პასუხი, რა იქნება მაკრო პასუხი ფისკალურ ან მონეტარული პოლიტიკის დონეზე. ჩვენ გამოვალთ, ალბათ, მალე, ბიუჯეტის კორექტირებით და ჩვენ გვექნება არა თუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი სტიმულირების მექანიზმია,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები