19 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან - დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აშშ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყველა ის პრობლემური საკითხია ასახული, რომელზეც ოპოზიციური სპექტრი წლებია საუბრობს.

"ყველა ის პრობლემა, რომელმაც თავი მოიყარა "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო წლებში, თანდათან აისახება არამხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებში, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, არამედ ინსტიტუციონალურ შეფასებებში. აქამდე "ქართული ოცნება" ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი იყო პოლიტიკური, მოდიოდა პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციონალურ შეფასებაში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს ყველაფერი უკვე იცვლება და ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც საქართველოში არ არსებობს - ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული. ასევე საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც პოლიტიკურად არის მოტივირებული და კონკრეტული პოლიტიკოსების და მედიამენეჯერების გვარები იყო ჩამოთვლილი. ეს არის მთელი პრობლემების პაკეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ზოგადად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მათ შორის "ლელოს" დამფუძნებლების საქმე, ასევე მედიამენეჯერებისა თუ მფლობელების წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

სამთავრობო სააგენტოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53-გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა შეფასებული.

დღის ამბები