05 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ანსამბლი სუხიშვილები კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიო ტურნეს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება

ანსამბლი "სუხიშვილები", კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო ტურნეს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება. ანსამბლი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას facebook გვერდზე წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სუხიშვილებმა" 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა, უკრაინაში კი, გუშინ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი. სწორედ ამიტომ, ანსამბლი უახლოესი რეისით საქართველოში დაბრუნდება. 

"ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით ანსამბლი 1 თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ 37 კონცერტი პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი. 

გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდიუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში.

საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.

ასევე გაცნობებთ, რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები, რომელსაც აუცილებლად გავმართავთ უახლოეს მომავალში.

ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია დავიცვათ საერთო რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ!" - ნათქვამია სუხიშვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

დღის ამბები