19 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
დოკუმენტში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მრავალი წელია ვაპელირებთ - NGO-ები ანგარიშზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის მთავარი შინაარსი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაზეც მათაც მოუწიათ მუშაობა არაერთი წელი და რაზეც, როგორც თვითონ ამბობენ, არაერთხელ მიუთითებიათ ხელისუფლებისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოწვევები არსებობს.

"განსაკუთრებული იყო წინა წელს სამი საკითხი როგორც ვთქვი თავში, ეს არის მართლმსაჯულების საკითხები და კატასტროფული პროცესი, რომელიც ვიხილეთ უზენაეს სასამართლოში, რომელიც დიდი ხნით დაემჩნევა დაღად ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და იქნება ერთ-ერთი შემაბრკოლებელი გარემოება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, როცა უზენაეს სასამართლოში გვყავს არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები.

ეს არის გავრილოვის ღამე და მას შემდგომ დაწყბული პროცესები, პოლიტიკური დევნა ადამიანების და მართლმსაჯულების სისტემის ამ მიზნებით გამოყენება და ეს არის მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების საკითხები," – აცხადებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ანგარიში არის მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის მინიშნება საქართველოს ხელისუფლების მისამართით თუ რა ვითარებაა საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, ანგარიშში ყურადღება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო რამდენიმე წელია აპელირებენ.

"განსაკუთრებით აქცენტი არის დასმული მართლმსაჯულებაზე და მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმების აუცილებლობაზე, იგივე პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულების ფაქტების გამოუძიებლობაზე. სახელმწიფოს დეპარტამენტის ანგარიშში პრინციპში კარგი წყაროა ხელისუფლებისთვის, რომ დაინახოს კიდევ ერთხელ თუ სად კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი," – აცხადებს გურამ იმნაძე.

ექსპერტების ნაწილი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით როგორც ნაკლოვანებები, ასევე პროგრესიც არის. ექსპერტი თამარ მახარობლიძე ამბობს, რომ ანგარიშში ნახსენებია ტერმინი "ოკუპაცია" და ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის გატაცებების, მკვლელობების და სხვა დანაშაულებების გამო ადამიანის უფლებების დაცვა სრულყოფილად ვერ ხერხდება.

"ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჩვენს ქვეყანაში ციხეების გადატვირთულობის პრობლემა აღმოფხვრილია. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში ნახსენებია ტერმინი ოკუპაცია და აღნიშნულია ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის გატაცებების, მკვლელობების და სხვადასხვა დანაშაულებების გამო სრულყოფილად ვერ ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვა.

ანგარიშშიც, რა თქმა უნდა, საუბარია სხვადასხვა ნაკლოვანებაზე, სწორედ ეს არის ამ ანგარიშის დანიშნულების მიზანი და მთავრობა ვალდებულია, რომ ეს ყველა ნაკლოვანება აღმოფხვრას," - განმარტა თამარ მახარობლიძემ.

დღის ამბები