27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან არ ვიცით როდის შესრულდება შეთანხმება პოლიტპატიმრებზე - რომან გოცირიძე

პოლიტიკური შეთანხმება, რომელზეც გარკვეული საკითხები ისევ დასაზუსტებელია - გარდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხისა, დღეს გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც "ევროპული საქართველოსთვის" ბუნდოვანია. კერძოდ, საუბარია ე.წ. 40 %-იან ჩამკეტსა და იმ სარგებელზე, რომელიც, შესაძლოა, ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება ყველა მიმართულებით უნდა შესრულდეს. 

"არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40%-იან ჩამკეტს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო არც იყო და არც არის, ამ ფორმით, როგორც არის, რომელიც უნდა დაზუსტდეს. გაუგებარია, მერე სად მიდის ის ხმები, რომელიც აკლდება და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება. პატარა პარტიამ, რომელმაც გადალახა ბარიერი, 2% აიღო და გაიყვანა ორი მაჟორიტარი, ნათელი უნდა იყოს, რომ მას არ შეექმნება პრობლემა. არსებითია, რომ შეთანხმება შესრულდეს ყველა მიმართულებით: ანუ, ეს დოკუმენტი იქნას მიღებული და პოლიტიკური კლიმატის ნაწილშიც მოხდეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა ქვეყნისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეჩერების გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

"განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად დროულად შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომელთა მიმართ არის პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლის საქმე აღძრული და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ამიტომ, სანამ მეორე მხრიდან არ იქნება გადადგმული ნაბიჯები, ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრების საკითხში ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები.  

"ჩვენ უნდა მივცეთ ხელისუფლებას დრო, რომ მათ ნახონ ლამაზი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, მაგრამ ეს იყო შეთანხმების ნაწილი და შესაბამისად ამ ნაწილის შესრულება-არ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები ოპოზიციიდანაც,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები