13 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
ლარის გაუფასურების ახალ ტალღას ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ

ლარის გაუფასურების ახალ ტალღას ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარი 95 თეთრია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ნიშნული 3 ლარს აღწევს. სპეციალისტები ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აუცილებელია ბიზნესი გარკვეული პერიოდი გათავისუფლდეს გადასახადებისგან.

"ფაქტიურად 3.0 ნიშნულზეა მისული, მთავარი ფაქტორი ლარის ასეთი სწრაფი გაუფასურების უკავშირდება დაავადების გავრცელების სიჩქარეს მთელ მსოფლიოში და საქართველოში. სახელმწიფოს რამდენიმე ბერკეტი აქვს ხელთ, რომ იმოქმედოს. ერთი ეს იქნება ბიზნესისთვის შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, რომ გარკვეულწილად მორატორიუმი გამოცხადდეს. მეორე ნაწილი ეხება გადასახადების ნაწილს, რომ გარკვეული პერიოდი არ ამოიღოს ბიზნესიდან ის თანხები, რომელიც მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ დღეს პირველადი პრობლემების მოსაგვარებლად,"- აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

პრობლემის გლობალურობას უსვამს ხაზს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია:

"ამ კრიზისულმა სიტუაციამ გამოიწვია მსოფლიოში ვარდნა სავალუტო ბაზარზე და დოლარიც დავარდა, სასაქონლო ბირჟაც სერიოზულ რყევებს განიცდის. ლარის კურსი მეტს ვერ დაიჭერს და ეს არაა მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემა, მსოფლიოს პრობლემაა," - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

დღის ამბები