19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმები კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ - რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სრულ იზოლაციაშიაკორონავირუსის გამო ე.წ. მთავრობებმა ყველა გადასასვლელი ჩაკეტეს, მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებისთვისაც. ორივე საოკუპაციო რეჟიმი დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას ბლოკავს, ამიტომ ამ დროისათვის რეალურად რა ვითარებაა ადგილზე უცნობია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე,წ ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მათი ჯანდაცვის სისტემა არის სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს. საოკუპაციო რეჟიმის ძირითადი აქცენტი ინფექციის გარედან შემოტანის საფრთხე კეთდება.

"სიტუაცია საგანგაშო და საყურადღებოა. ჩვენი მოქალაქეები მოგზაურობენ იმ ქვეყნებში სადაც ამჟამად ეპიდაფეთქებაა. მათ უნდა მოგვმართონ და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდონ მოგზაურობის და მათი მდგომარეობის შესახებ," - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კოჩიევა.

განსხვავებული სურათია ოკუპირებულ აფხაზეთში. აქ ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა დაფიქსირდა, თუ არა კორონავირუსის შემთხვევა, ინფორმაციას ამის შესახებ არც ისინი ამჟღავნებენ.

"გვაქვს გარკვეული პრობლემები გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი აღჭურვილობის და სპეციალისტების მობილიზებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უბრალოდ გაგვიმართლა, რომ არც ერთი ინფიცირებული არ შეგვხვედრია, რადგან ინფექციის გავრცელებისგან თავს ვერ დავიცავდით. მძიმე სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ.  ჩვენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტიც გვაქვს," - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "უსაფრთხოების საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ჩაჩხიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არის სრულ მზადყოფნაში, რომ ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობას დახმარება გაუწიოს:

"ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, იმისათვის,რომ გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს უფრო მეტად ინფორმირებული რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის რომ თავი დაიცვან. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკით და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები