19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების თაობაზე მემორანდუმს სიმბოლურად უზენაესი სასამართლოს წინ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, რომელზე შეთანხმებასაც ისტორიულ მოვლენას უწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, 5 პუნქტს მოიცავს:

პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე:

"ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განვახორციელებთ შემდეგ რეფორმებს და დავისახავთ შემდეგ ამოცანებს:

1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;

2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;

3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.

4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგრძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;

5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება," - ნათქვამია მემორანდუმში.

პარტია "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეძლო მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.

"ეს შეთანხმება მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მაძლევს გარანტიას, რომ ამ ქვეყანაში დაიშლება საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ, მისი თქმით, ეს მემორანდუმი არის იმის გარანტიაც, რომ ვერცერთი მომავალი ხელისუფლება პოლიტიკური შურისძიების გამო ოპონენტებს ვერ დაიჭერს.

ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც 3 მნიშვნელოვან გარანტიას მოგვცემს. პირველი - საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება დაცული და ვერავინ მას ვერ დაჩაგრავს, მეორე - პოლიტიკური ანგარიშსწორებები და დევნები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და მესამე - ინვესტორებს და ქართულ ბიზნესს ექნება გარანტია, რომ მათ ვერავინ შეეხება," - განაცხადა ვაშაძემ.

შეთანხმების მრავალპარტიულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ:

"ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ასევე ერთხელ და სამუდამოდ, ნანატრი, დამოუკიდებელი, ობიექტური, პირუთვნელი და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ მოქალაქეს მოსამართლის აღარ შეეშინდება,"- აღნიშნა მელიამ.  

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად:

"დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, ჩვენ გვინდა ქართული ოცნების დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად," - განაცხადა ბაქრაძემ, მისი თქმით დღევანდელი შეთანხმება აჩვენებს იმას, თუ რამდენად პასუხისმგებლიანია ოპოზიცია.

დღის ამბები