19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
მიმდინარე მოვლენები უარყოფითად აისახება ქვეყანაზე, რასაც კრიტიკული საერთაშორისო შეფასება მოყვება - საია Freedom House-ის ანგარიშზე

არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი დასავლელი პარტნიორების ანგარიშს რეალისტურს უწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მასში ყველა ტენდენცია არის სწორად ასახული და ის ფაქტი, რომ ქვეყანა სხვადასხვა პუნქტებში დაქვეითდა რეიტინგის მიმართულებით არის იმის ასახვა, რომ სხვადასხვა მოვლენებმა სწორი რაკურსი ვერ მიიღო, ანუ არასწორად ვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები ქვეყანაში, რამაც ჰპოვა ასახვა როგორც Freedom House-ის ანგარიშში, ასევე სხვა ანგარიშებშიც.

მესამე სექტორში იმასაც ამბობენ, რომ დაახლოებით 2019 წლის ბოლოს, უკვე იგრძნობოდა იმის ტენდენცია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ანგარიშები სულ უფრო მწვავე იქნებოდა და არასამთავრობოთა ნაწილი ელოდება, რომ იგი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

აღნიშნულ ზომებში ისინი გულისხმობენ პირველ რიგში იმას, რომ მთავრობამ უფრო მეტი მოუსმინოს მესამე სექტორს, უფრო მეტი ესაუბროს მას და გარდა ამისა, გაატაროს სექტორული რეფორმები, რაც დასავლელ პარტნიორებს მისცემს იმის განცდას, რომ საქართველო კვლავ არის მნიშვნელოვანი დასაყრდენი და გარდა ამისა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სტაბილურობა შეინარჩუნონ, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელიწადს.

"ბოლო წლებში ბუნებრივია უკუსვლა შეინიშნება. როცა მე ვახსენებ იგივე 20 ივნისის მოვლენებს, როდესაც ვლაპარაკობ ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, როცა ვლაპარაკობ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცესზე და ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოოდ კლანმა მაინც შეძლო, რომ მისთვის სასურველი კანდიდატები გამხდარიყვნენ მოსამართლეები. ამ ტიპის მოვლენები ცხადია უარყოფითად აისახება ქვეყანაზე და ყველა საერთაშორისო შეფასება ამას უდგება კრიტიკულად. ეს არ არის მხოლოდ Freedom House-ის ან Human Rights Watch-ის და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების შეფასებები, სხვა შეფასებებიც მოგვისმენია ჩვენ," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

დღის ამბები