18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კორონავირუსის მზარდი პანდემიის ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის საქმეში ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, რაშიც წამყვანი როლი ითამაშა პრობლემის დროულად შემჩნევამ და საზღვრების ადრეულმა ჩაკეტვამ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ინერგება ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის:

შტატებს ეხსნებათ წვდომა 50 მილიარდ დოლარამდე თანხაზე.

ჯანდაცვის მდივანს უფლება ექნება ბევრი კანონის მოქმედება შეაჩეროს.

საავადმყოფოებს სთხოვენ საგანგებო გეგმები შეიმუშაონ და აამოქმედონ.

ამოქმედდება ტელე-სამედიცინო მომსახურება, რაც დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას ნიშნავს.

საავადმყოფოებისთვის ექიმთა დამატებითი პერსონალის აყვანის შეზღუდვა მოიხსნება.

მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც ავადმყოფების სასწრაფო მომსახურებას აფერხებს.

საავადმყოფოების განსატვირთად გაუქმდება ზოგიერთი რეგულაცია, როგორიცაა მაგალითად ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებში გადაგზავნამდე, პირის სავალდებულო სამდღიანი ჰოსპიტალიზაცია.

საავადმყოფოებს უფლება ექნებათ გაზარდონ საწოლების რაოდენობა.

ტესტების ჩასატარებლად კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა მოხდება.

გაიხსნება მანქანიდან გადმოუსვლელად ტესტების ჩატარების პუნქტები.

თუმცა, პრეზიდენტმა თქვა, რომ სიმპტომების გარეშე ტესტის გაკეთების საჭიროება არ არსებობს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია "როშმა" შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან 24 საათის განმავლობაში მიიღო ნებართვა დიაგნოსტიკური ტესტის საგანგებო გამოყენებაზე და კომპანიამ 1.4 მილიონი ტესტის კომპლექტი დაამზადა.

 

დღის ამბები