18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
მსოფლიო პანდემიას ებრძვის - კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ტემპით ზრდის გამო ქვეყნები საგანგებო მდგომარეობაზე გადადიან

მსოფლიო პანდემიას ებრძვის, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ტემპით ზრდის გამო, ქვეყნები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადიან. შექმნილი ვითარების გამო, დონალდ ტრამპმა შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით ვირჯინია ერთადერთი შტატია, რომელშიც ვირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლა მთავრობას საშუალებას მისცემს საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი თანხები კორონავირუსთან საბრძოლველად გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპს შეხვდა კორონავირუსი არ დაუდგინდა, შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის უახლოეს დღეებში კორონავირუსზე ტესტს მაინც ჩაიტარებს. ბოლო ინფორმაციით, ბტრაზილიის დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც შეერთებულ შტატებში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ბოლო მონაცემებით, დაავადებას შტატებში 2329 ადამიანი ებრძვის, ვირუსმა უკვე 50 ადამიანი იმსხვერპლა.

"ამერიკას ყველაზე ძლიერი ერი ჰყავს . მომავალ კვირებში მოგვიწევს ცვლილებებს გავუმკლავდეთ. თქვენს მიერ გაღებული ხანმოკლე მსხვერპლით ისევ თქვენ მიიღებთ დიდ სარგებელს. მომავალი კვირები კრიტიკული იქნება. სწორედ ამიტომ ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. სტუდენტურ სესხებზე პროცენტები დროებით გაუქმდება, რადგან უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ნაწილი დახურულია. ვისარგებლებთ ნავთობის გაუფასურებით და შევისყიდით მარაგისთვის,"- განაცხდა დონალდ ტრამპმა.

კორონავირუსს არ უშინდებიან კარანტინში მყოფი იტალიელები. მოქალაქეები ღია ფანჯრებიდან და აივნებიდან ჰიმნს ასრულებენ და ერთმანეთს ამ გზით მხარდაჭერას უცხადებენ. ამ ფონზე კვლავ მზარდია ქვეყანაში დაინფიცირების სტატისტიკა. იტალიაში ახალი კორონავირუსით 17 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1266-ს მიაღწია. 
"ქვეყნაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 230-ზე მეტია, იზრდება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები . ჩვენ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1200-ს გადასცდა,"- აღნიშნავს იტალიის სამოქალაქო დაცვის უფროსი, ანჯელო ბორელი.

ევროპის ქვეყნებთან ფრენები შეაჩერა უკრაინამ და რუსეთმა. ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენები ნაწილობრივ შეზღუდა თურქეთმა. კორონავირუსის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა პოლონეთმა.  2 კვირიან კარანტინს გაივლის სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. ფაშინიანი აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსის ტესტის გაკეთებასაც გეგმავენ. სომხეთის პრემიერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
"7 მარტს ჩემი მეუღლე ანა შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას "კოვიდ-19" აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე და ტესტსაც გავივლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ინფიცირების შანსი მიზერულია,"- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ესპანეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ბულგარეთში. პარიზში კი ეიფელის კოშკი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა. საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 800 ადამიანით გაიზარდა და 3661-ს მიაღწია. ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ესპანეთში 5 ათასს, ხოლო გერმანიაში 3 ათასს გადასცდა. შექმნილი ვითარების გამო, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მეთაურები ორშაბათს საგანგებო თათბირს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავენ. ლიდერები კორონავირუსის შეჩერების შესახებ იმსჯელებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა.

"ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა. ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. არა მხოლოდ ტესტირება, არა მხოლოდ კონტაქტების მოკვლევა, არა მხოლოდ კარანტინი, ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გააკეთოთ .მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს კორონოვირუსის წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ბრძოლისკენ,"- აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრიესუსი.

ევროპისგან განსხვავებით დაინფიცირების შემთხვევები იკლებს ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ან დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა ირანში. ქვეყნაში 514 ფატალური და დაინფიცირების 11 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოში აცხადებენ, რომ მსოფლიოში პანდემიის გამო, 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს.

 

 

დღის ამბები