19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით - საქართველოში ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით.

დიპლომატის შეფასებით, ხელისუფლება მობილიზებულია და არსებულმა მექანიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში. ეს პოზიცია ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრისას დააფიქსირა.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომშიც აქტიურად გააგრძელონ ინფორმაციის გაცვლა კოორდინირებული ურთიერთქმედების მიზნით.

"ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან - გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს.

გასულ კვირას, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ვიდეო-შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით. ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, დაემორჩილონ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას," - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ლი იენმა.

დღის ამბები