19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
ევროპარლამენტარების წერილს ოპოზიცია ეხმაურება - ხელისუფლების ოპონენტები შეთანხმების შესრულებას და უგულავას გათავისუფლებას მოითხოვენ

11 ევროპარლამენტარის განცხადებას, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ოპოზიცია ეხმაურება. ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას თქმით, საქართველოს პარტნიორების ინტერესებშია, რომ ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს, ამისთვის კი საჭიროა სრულყოფილად შესრულდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების ორივე ნაწილი:

"მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს, არ იყოს ის ატმოსფერო შექმნილი, რომელიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება, ამის საკვანძო საკითხია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს, - განაცხადა ბოკერიამ, მისი თქმით, ის ვერ გააკეთებს პროგნოზს რას იზამს ზურაბიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების შესრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საბოლოო ფაზაც არ შედგება და ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს:

"წერილი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, რომელიმე ნაწილის არშესრულებით, შეთანხმების საბოლოო ფაზა ვერ შედგება და ოპოზიცია პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებების პროგნოზირება რთულია და უცნობია, რას გადაწყვეტს ის გიგი უგულავასთან დაკავშირებით:

"ძალიან რთულია მისი ქმედებების პროგნოზირება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები