18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
კორონავირუსი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს დაუდასტურდა

კორონავირუსი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩეს ცოლს დაუდასტურდა. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანჩესი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან.

ესპანეთის მთავრობის ორ წევრს, თანასწორობისა და რეგიონულ საქმეთა მინისტრებს, კორონავირუსი მიმდინარე კვირას დაუდასტურდათ, ამ ეტაპზე ისინიც თავს კარგად გრძნობენ.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ.

ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტეს მუზეუმებმა, კულტურულმა ცენტრებმა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. რესტორნები და კაფეები კი, მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ. 6,391 ინფიცირებული და 196 გარდაცვლილი - ასეთია ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ესპანეთში.

"საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით ძალაში 15 დღის განმავლობაში იქნება, გარეთ გასვლა და პროდუქტების შეძენა, ცხადია ნებადართულია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები არ წავლენ მაგალითად სტუმრად და ვირუსის გავრცელებას ამ გზით ხელს არ შეუწყობენ. გვერდს ვერ აუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ეს ძალიან ცუდად აისახება. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება  ჩვენი მოქალაქეების დაცვას ისახავს მიზნად. ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ," - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

დღის ამბები