18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
ისრაელი კორონავირუსთან ბრძოლაში ანტიტერორისტულ საშუალებას გამოიყენებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ 

ისრაელში 10 ადამიანის ერთად შეკრებაც კი აიკრძალა და გასართობი დაწესებულებებიც დაიხურა. ქვეყანაში დაავადებას 193 ადამიანი ებრძვის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დროებით დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. ფუნქციონირებას განაგრძობენ სურსათის მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურები.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სწრაფად აღმოფხვრა. ამ მიზნით, ხელისუფლება პირებს, რომელთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი, ელექტრონული თვალთვალის სისტემით გამოავლენს.

"ისრაელი ანტიტერორისტულ საშუალებას გამოიყენებს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში. ეს საშუალებები უზრუნველყოფს პაციენტების ციფრულ და ელექტრონულ მონიტორინგს, თუ სად იყვნენ ისინი და ვის შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ. ასეთი საშუალებები არასდროს ყოფილა გამოყენებული სამოქალაქო მიზნებისთვის და ამისთვის ნებართვას იუსტიციის სამინისტროს ვთხოვ.

ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. მისი დამარცხება დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის ნაბიჯებზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ. აფთიაქები, სუპერმარკეტები და ყველა აუცილებელი მომსახურება ღია იქნება," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

დღის ამბები