21 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
უნდა გამოცხადდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - მოსაზრებებს სპეციალისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც გამოთქვამენ

უნდა გამოცხადდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - თემა, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება. შეფასებებს სპეციალისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც აკეთებენ.

უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე არსებული მოცემულობით, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობის წინაშე ჯერჯერობით ქვეყანა არ დგას.

პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ თემაზე პარლამენტმა მსჯელობა უნდა დაიწყოს. უნდა მოისმინონ როგორც დაავადებათა კონტროლის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვები, რა სავარაუდო სცენარით განვითარდება მოვლენები საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის შემთხვევაში.

ოპოზიცია თვლის, რომ საგანგებო რეჟიმში სახელმწიფო უწყებებმა უნდა იმუშაონ. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პარლამენტში დაიწყოს მსჯელობა, თუ რა გავლენას მოახდენს საგანგებო მდგომარეობა ვირუსის გავრცელებაზე.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის მოსაზრებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა. 

"სახელმწიფო ინსტიტუტები, სამსახურები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე და პროცესი დასაჩქარებელია, თუმცა ჯერ საგანგებო ვითარების გამოცხადება ნაადრევია,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობაზე გადავა, დაფიქრება და რისკების გააზრებაა საჭირო.

"საგანგებო მდგომარეობის დროს არსებობს სერიოზული რისკები იმისა, რომ პრემიერის ერთპიროვნულ მმართველობაზე გადავალთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მმართველმა გუნდმა სათავისოდ გამოიყენოს.

"ჩემი აზრით ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადრეა და ამას რეჟიმი გამოიყენებს სათავისოდ არჩევნების გადასადებად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები