18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
რა ხდება მსოფლიოში - კორონავირუსით 169 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 518-ს მიაღწია

ჩინეთი დაავადების გავრცელების კუთხით ისევ ლიდერია და ქვეყანაში ყველაზე მეტი - 80 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. ჩინეთი, ასევე, ლიდერია გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით და სულ განიკურნა 67,758 ადამიანი. მას მოსდევს იტალია, სადაც ჩინეთის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რისკ ჯგუფი ქვეყნების ხუთეულშია ირანი, სამხრეთ კორეა და ესპანეთი.

მეზობელ სომხეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში იმყოფება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. ფაშინიანმა კორონავირუსზე ტესტი ერთხელ ჩაიტარა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. პრევენციის მიზნით, მონაცემების გადამოწმებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში ისევ გეგმავს.

რაც შეეხება თურქეთს, დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სახელმწიფოში პრევენციის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებული ზომებია მიღებული. წმინდა ქალაქებიდან დაბრუნებული ათასობით პილიგრიმი 2 კვირიან კარანტინში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ევროპას, რომელიც ეპიდემიის ცენტრად იქცა, იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში 368 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კორონავირუსით 1 809 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 3 590 შეადგენს. საერთო ჯამში დაავადებას 24 ათას 747 ადამიანი ებრძვის. ვატიკანი დატოვა რომის პაპმა და რომის დაცარიელებულ ქუჩებში გამოჩნდა. პაპმა ორ ეკლესიაში პანდემიის დასრულებისთვის ილოცა.

მზარდია დაინფიცირებულთა სტატისტიკა ესპანეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ინფიცირებულია 7 845 ადამიანი. ვირუსმა 292 ადამიანი იმსხვერპლა. ქუჩებში იზოლაციის კონტროლს პოლიცია არეგულირებს.

"ჩვენ ესპანელების უსაფრთხოებას ვიცავთ . ამ შემთხვევაში კი მადრიდში ვაკონტროლებთ ვითარებას. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ სახლში დარჩნენ და ქუჩაში არ იარონ," - აცხადებს სერჟანტი.

ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში. გერმანიამ საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, დანიასთან და ლუქსემბურგთან სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში კორონავირუსის გამო განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 5 423 დაინფიცირების და გარდაცვლილთა რაოდენობა 127-ია.

"კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისთან გასამკლავებლად საფრანგეთის მთავრობა მზადაა, კომპანიების დახმარებისათვის ათობით მილიარდი ევრო გამოყოს. საჭირო თანხა იქნება. სახელმწიფო მათ ბოლომდე გვერდში დაუდგებათ. ეკონომიკური აქტორები გასაჭირში არიან. სახელმწიფო ყველას დაეხმარება ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ბანკების მიერ კომპანიებისათვის საჭირო სესხების გაცემა და უახლოეს მომავალში მათ დასახმარებლად ახალი ზომების შესახებ გამოვაცხადებთ," - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პანიკაა. 29 შტატში დაიხურა სკოლები, ბარები, რესტორნები. მოსახლეობას მაღაზიებიდან პროდუქტების დიდი რაოდენობა გააქვთ. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ვირუსმა შტატებში 69 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადებას 3 782 პაციენტი ებრძვის.

"ისიამოვნეთ სადილით, განიტვირთეთ, რადგან პროდუქტების საკმარისი რაოდენობა გვაქვს, არ არის აუცილებელი საჭიროზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის პროდუქტი შეიძინოთ. ჩვენ მსოფლიოში საკვების ყველაზე დიდი მარაგი გვაქვს. სახელმწიფო ბევრს მუშაობს კორონავირუსის დასამარცხებლად. დრო გვჭირდება. ვფიქრობ ყველაფერი ნამდვილად კარგად მიდის," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ჩინეთში ვირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14 და ინფიცირების 16 ფაქტი დაფიქსირდა. სამხრეთ კორეაში კი დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 74 და გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 7 ათასზე მეტი ადამიანი რჩება. ერთ დღეში დაინფიცირების მხოლოდ 74 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე უცხოელების ქვეყნაში შემოსვლას უფრო მეტად გავაკონტროლებთ," - აცხადებს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კიმ კენგ ლიპი.

ჩინეთისგან გასხვავებით COVID-19-ის შემთხვევები გაზრდილია ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 724-ს აღწევს. ინფიცირებულთა რიცხვი 14 ათასამდეა გაზრდილი.

იზრდება საგანგებო რეჟიმზე გადასული ქვეყნების რაოდენობა. დღეს საგანგებო მდგომარეობა ჩეხეთმა და სერბეთმა გამოაცხადეს ჩეხეთმა და სერბეთმა.

რაც შეეხება დაინფიცირების მსოფლიო სტატისტიკას. ახალი კორონავირუსით 169 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. ვირუსს 6 518 ადამიანი ემსხვერპლა და გამოჯანმრთელებული 78 ათასი ადამიანია.

დღის ამბები