19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამთო კურორტების დაკეტვა ჩეხ მოქალაქეს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი საკუთარ ქვეყანაში დაუდგინდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამთო კურორტების დაკეტვა ჩეხ მოქალაქეს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი საკუთარ ქვეყანაში დაუდგინდა.

ტიკარაძის ინფორმაციით, ტურისტის დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურისტმა სრულად მიაწოდა ქართულ მხარეს იმ მარშუტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაიარა.

"პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დღემდე დაფიქსირდა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი უკვე კარგად ცნობილია, ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და 8 მარტს გამოუვლინდა, როგორც სატელეფონო საუბრისას თვითონ ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე, ისევე როგორც ყველა დახურულ სივრცეზე ვაწესებთ შეზღუდვებს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და ასევე ფოტო მასალით სრულიად აღწერა ის მარშუტი, რომელზეც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენ ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისთვის 30 პიროვნებაა იზოლირებული და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები