18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
ტურისტების გადაადგილების კონტროლირება რთულია - ადგილობრივები გუდაურში ინფიცირებული ტურისტის შესახებ

გუდაურის რესტორან "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომლები კარანტინს იმავე შენობაში გადიან, სადაც შეხება ჰქონდათ ჩეხ ტურისტთან.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს შეეცადა "მთვრალ ალუბლის" ადმინისტრაციისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა რესტორნის მფლობელმა დამატებითი განცხადებების გაკეთება არ ისურვა.

"არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას და ნუ მისვამთ კითხვებს. ეს ჩემი ტერიტორიაა და ეს დაწესებულებაც მე მეკუთვნის," - განაცხადა "მთვრალი ალუბლის" მფლობელმა. 

"კურიერი" ასევე ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რთულია ტურისტების გადაადგილების კონტროლირება.

"ყოველდღე მოდის იმდენი ტურისტი, რომ ამას ფიზიკურად ვერ გააკონტროლებ, ვინ სად მიდის, რომელ რესტორანში შედის ან ვისთან ექნება კონტაქტი სრიალის დროს და საბაგიროზე, ამას ვერ გააკონტროლებ, ხდება უკონტროლოდ. თუ შიდა გადადება მოხდა ვირუსის, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ პანიკას, თან ისედაც პანიკა არის აქ, იკეტება ყველაფერი," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.  

"მთვრალი ალუბლის" თანამშრომლების იზოლაციაში გადაყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჩეხ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. 

დამატებით სხვა პირების იდენტიფიცირებისთვის მუშაობა ისევ გრძელდება.

 

 

დღის ამბები