19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს გაუწევს კოორდინაციას და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს.

სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებსა და არსებულ სიმძლავრეებზე.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები