19 დეკემბერი 2024,   12:19
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა კორონავირუსის გამო ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაიმართება

კორონავირუსმა პარლამენტის დღის წესრიგიც შეცვალა, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაიმართება.

როგორი იქნება დისტანციური განხილვა - საკონსტიტუციო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც საკანონდებლო ორგანოში დღეს შეიქმნება. სწორედ ამ მოვლენისთვის რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში სხდომას პირველად დაესწრებიან.

"დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ არცერთი დაპირება, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, არ შესრულებულა. შესაბამისად იმისათვის, რომ ჩვენ გავზარდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხი, ხელისუფლებაზე ამ პირობის შესასრულებლად სწორი იქნება თუ ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილების ფორმასთან დავტოვებთ მარტო," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ბოიკოტის მიუხედავად დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს "ევროპული საქართველო". 

"ევროპული საქართველო" ბოიკოტის მიუხედავად დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და ხმას მივცემთ კომისიის შექმნას, იმაზე გათვლით, რომ ხელისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს შეასრულებს. კერძოდ ეს ეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტას. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში შემდგომ კენჭისყრებშიც მივიღებთ მონაწილეობას," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" მსგავსად კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. 

"თუკი კენჭისყრაზე ოპოზიცია არ იქნება, ალბათ გართულდება ხმების მოძებნა. მე მგონია, ეს არ არის ის პროცესი, რომ ჩვენს მას ბოიკოტი გამოვუცხადოთ. პირიქით, იმ რეალობის გათვალისწინებით რაც გვაქვს, პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანმა გედევან ფოფხაძემ. 

 

დღის ამბები