18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა გამოსცადეს - მოხალისე 43 წლის ქალია

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა გამოსცადეს. მოხალისე 43 წლის ჯენიფერ ჰალერია. პირველი ტესტი ვაშინგტონის კვლევითმა ინსტიტუტმა "კაიზერ პერმანენტმა" ჩაატარა. ქალს სპეციალისტები რამდენიმე კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, თუმცა წარმატებული გამოცდის მიუხედავად, კვლევები გაგრძელდება და ფართომასშტაბიანი რეალიზაცია 1 წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყება.

"ძალიან აღელვებული ვარ, რადგან გავაცნობიერე რომ პირველი ადამიანი ვარ, ვისაც ამ ვაქცინაზე ტესტი ჩაუტარდა. ეს ნამდვილი სიგიჟეა. რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდნენ. ეძებდნენ მოხალისეებს მე განაცხადი შევავსე. შემდეგ ექიმებმა ჩამიტარეს ანალიზები იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ რომ ჯანმრთელი ვიყავი. ახლა ადამიანები ძალიან უიმედოდ არიან. კითხულობენ რა გავაკეთოთ?! და ამ დროს მე დავთანხმდი ვყოფილიყავი პირველი, ვისზეც ვაქცინას გამოსცდიდნენ და მე მეამაყება ჩემი თავის," - განაცხადა ჯენიფერ ჰალერიმ.

ამ ფონზე სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა, როგორც მსოფლიოს საფონდო ბირჟებს, ისე ტურისტულ სექტორს.

კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკამ იმატა ინდოეთში. ქვეყანაში 129 შემთხვევაა გამოვლენილი - გარდაიცვალა 3. ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება ტაჯ-მაჰალის დაკეტვის შესახებ. ეს კულტურის სამინისტროში იმით ახსნეს, რომ ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას ყოველ დღე ათეულობით ათასი ვიზიტორი ჰყავს. "კოვიდ 19"-ის გავრცელების პრევენციას უკავშირდება 143 მუზეუმის დახურვაც. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ძალაში თვის ბოლომდე იქნება, თუმცა კრიზისი ტურიზმის სფეროს უკვე დაეტყო.

მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ვირუსის გამო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25 მეასედ პროცენტამდე შეამცირა შტატების საფონდო ბირჟაზე აქციებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მსგავსი შემთხვევა ქვეყანას 1987 წლის შემდეგ არ ახსოვს. დოუ ჯონსის ინდექსი თითქმის 13 პროცენტით შემცირდა. ბოლო 6 დღის განმავლობაში ვოლსტრიტზე 15 წუთიანი სავაჭრო პაუზა უკვე მესამედ დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი კრიზისია აზიის ბაზარზე. იაპონიის აქციებმა 1.62 მეასედი პროცენტით, სამხრეთ კორეის 1.63- ით და ჰონგ კონგის 1.05 პროცენტით იკლო.

7182 გარდაცვლილი და 185 ათასამდე ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა. მონაცემები ყოველ წუთიერად იცვლება - იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ევროპის ცხელ წერტილებად რჩება. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 349-ით გაიზარდა. ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად განსაკუთრებულ ზომებს იღებენ. დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შვეიცარიამ და ეკვადორმა. დაიფიცირების შემთხვევები გაიზარდა სომხეთსა და თურქეთში.

კორონავირუსის დამარცხება ამ დროისთვის მოახერხა 80 000-მდე ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ მონტენეგრო ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები