18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
7 510 გარდაცვლილი და 188 000-ზე მეტი ინფიცირებული -  კორონავირუსის გამო მსოფლიო ბაზარი კრიზისულ ვითარებაშია

თითქმის ერთი კვირაა კორონავირუსის გამო მსოფლიო ბაზარი კრიზისულ ვითარებაშია. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვირუსის გამო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-მდე შეამცირა, შტატების საფონდო ბირჟაზე აქციებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, მსგავსი შემთხვევა ქვეყანას 1987 წლის შემდეგ არ ახსოვს. ბოლო 6 დღის განმავლობაში, ვოლსტრიტზე  15 წუთიანი სავაჭრო პაუზა უკვე მესამედ დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი კრიზისია აზიის ბაზარზეც.

დღეს ინდოეთის მთავრობამ ტაჯმაჰალისა და მუზეუმების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს.

ვირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. იზრდება დაინფიცირების შემთხვევები მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. რუსეთში კი 93 დაინფიცირებულია. ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალურ ზომებს ატარებს რუსეთის საპატრიარქოც. ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში აქცენტი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრ დაცვაზეა გაკეთებული. უკრაინაში კი  კორონავირუსის გამო შესაძლოა სარკინიგზო და მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდეს. 47-მდეა გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში. ანკარა ევროპის 9 ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს.

არანაკლებ მძიმეა მდგომარეობა პოლონეთში, სადაც გარემოს დაცვის მინისტრს ვირუსი აღმოაჩნდა. იზოლაციაშია ასევე მინისტრთა კაბინეტის 15 წევრი.

ყველაზე მძიმე სურათი იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთშია. იტალიაში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 349-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ციფრი 2 100-ს აჭარბებს. კრიტიკული მდგომარეობაა ესპანეთში - ფატალური შემთხვევები 491-მდე გაიზარდა. 148 ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში. ინფიცირებულებს შორისაა საფრანგეთის პარლამენტის ორი წევრი. ამის ფონზე პარიზი ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს სამშაბათიდან 1 თვით ჩაკეტავს.

საგანგებო მდგომარეობაა შეერთებულ შტატებში. ამერიკაში 4 727 ინფიცირებული და 93 გარდაცვლილია. დახურულია სკოლები, რესტორნები, კაფე-ბარები. პრეზიდენტი ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს.

ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენციაა ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 21 და გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. კორეაში დაავადებას 9 000-მდე ადამიანი ებრძვის. რთული სიტუაცია შენარჩუნდა ირანში. ინფიცირებულია 16 169,  გარდაიცვალა 988 პაციენტი.

დღის ამბები