19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
"გვიწევს ზომების გამკაცრება" - პარლამენტი კარანტინის წესების დამრღვევი პირების წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციებზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი სანქციებზე მუშაობას იწყებს. კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დამრღვევ ფიზიკურ პირს 3 ათას ლარიანი, იურიდიულ პირს კი 15 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრება. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ინიციატივა ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობას. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერს ოპოზიციაც.

დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე ორშაბათს გავა, მას კი პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.

"სამწუხაროდ, გვიწევს ზომების გამკაცრება, გამომდინარე იქიდან, რომ გვქონდა ქვეყანაში ფაქტები, როდესაც მოქალაქეებმა თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს. შესაბამისად, დღეს უკვე პარლამენტში ამაზე დაჩქარებული წესით ვიმსჯელებთ. ჩვენ გვაქვს იმის ძალაც, რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ აღნიშნული ვირუსი დავამარცხოთ. ამისათვის საჭიროა ჩვენი შესაძლებლობების კონსოლიდაცია და რაც მთავარია სამოქალაქო პასუხისმგებლობა," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია, რათა მაქსიმალურად მოხდეს ვირუსის გავრცელებულის პრევენცია ქვეყანაში.

"ინფექციის გავრცელების პრევენციას ემსახურება ის ზომები, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში. როგორც მოგეხსენებათ, იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული და შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, ირაკლი აბესაძე. მისი თქმით, ამ მიმართულებით ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელი გახდეს.

"იმ ადამიანებმა, ვინც არის ვირუსის მატარებელი ან შესაძლებელია იყოს ვირუსის მატარებელი, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, საქართველოს მთავრობიდან და უნდა უზრუნველყონ თვითიზოლაციის, თუ კარანტინის წესების დაცვა. ამიტომ, ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება შესაძლებელია აუცილებელიც გახდეს. რაც შეეხება ევროპული საქართველოს პოზიციას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, ვმონაწილეობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შესვლას," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები