19 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
ხვალ ვიწყებთ პირბადეების დამზადებას საქართველოში - ნათია თურნავა  

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში პირბადეების დამზადება ხვალიდან დაიწყება და მისი წარმოების მზაობა უკვე გამოთქვა ერთ-ერთმა სამკერვალომ, რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდ შეკერავს. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, პროგრამაში ჩართულები არიან სხვა სამკერვალო საწარმოები. მინისტრის თქმით, პირბადეები იქნება მრავალჯერადი გამოყენების და ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან არის შეთანხმებული.  

აქვე, ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას, რომელიც პროგრამაში ერთვება. მისი თქმით, ბევრი მათგანი პროგრამაში უანგაროდ მონაწილეობს. 

"მე მინდა მოგახსენოთ იმ დავალებების და გეგმების შესახებ, რაც ჩვენ მივიღეთ პრემიერ მინისტრისგან. განსაკუთრებით ეკონომიკურმა გუნდმა. პირველ რიგში, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით, შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი დამზადებით პირბადეების კერვის და ხვალ ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის "აჭარა ტექსტილი". მე პირადად, ფოთში ხვალ ჩავალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირველი პარტია პირბადეების ჩემი თვალით ვნახო. მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმო არის ჩართული ამ პროგრამაში დღესდღეობით. ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ასევე, გვაქვს საკმარისი მარაგი რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ და ეს პირველი რაოდენობა პირბადეების იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება და  ყველაზე მერი შეხება აქვს მაღალი რისკის კატეგორიასთან. საუბარი არის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავსი ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები