19 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ფინანსური და ეკონომიკური ეფექტების შემცირების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ცვლის - ის ისევ 9 პროცენტი იქნება. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ფინანსური და ეკონომიკური ეფექტების შემცირებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება.

"სავალუტო ფონდისგან დახმარება სხვა საერთაშორისო და ორმხრივი დონორებისგან ფინანსური დახმარების სწრაფად მიღების კარგ წინაპირობას ქმნის. მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმიზაციის საშუალებას მისცემს," – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მინისტრი სერიოზული დახმარების მობილიზებას მოელის.

"ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას იმ სტიმულირების მექანიზმებით, რომელსაც დღეს ვამუშავებთ ჩვენ პარტნიორთან ერთად, ძალიან მალევე დავუბრუნდებით განვითარების იმ ტემპებს და იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენ გვქონდა," – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები