19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება და შეკვეთილი უზარმაზარი მარაგი ქვეყანაში შემოვა - ლევან დავითაშვილი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, უსაფუძვლო პანიკისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული სახის ასაწონ ბურღულეულზე შეფერხება შეიქმნა, ამას თან დაერთო გართულებული კლიმატური პირობებიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში კლიმატური პირობების გამოსწორებითანავე პროდუქციის მარაგი სრულად შეივსება:

"შეკვეთები არის გზაში, კლიმატური პირობების გამო ფოთში შემოსული გემების ჩამოტვირთვა რთულდება, სირთულეებია დასავლეთიდან აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მარშრუტებზე, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ პანიკას არ ავყვეთ, ხდება მოკლევადიანად,გარკვეულ დღეების ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც ისევ მომხმარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ჭარბად არის შეკვეთილი, რადგანაც ჩვენ გვქონდა რეგულარული მუშაობა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა და ცრუ პანიკის გამო კონკრეტული მომხმარებლები დაზარალდებიან,"- განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ფასების სტაბილურობაზე ყურადღება და განაცხადა, რომ თითოეული ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი და არ უნდა გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. ამასთან, დავითაშვილის თქმით, პრემიერის დავალებით შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ფასებს სტაბილურობის შესანარჩუნებლად რისკებს დააზღვევს:

"მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციებში შევინარჩუნოთ სტაბილური ფასები. ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, იმისათვის რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის რისკები, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ,"- აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები