19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
პრემიერთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ

საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მთვრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროება სახელმწიფოს წინაშე დადგება. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი დაცვის საშუალებების დეფიციტის პრევენცია. ამ კუთხით პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების საქართველოში წარმოება დაიწყო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.

შეხვედრაში 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები