18 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
245 913 ინფიცირებული და 10 048 დაღუპული - რა ხდება მსოფლიოში და ევროპაში, რომელიც ისევ ეპიდემიის ცენტრია 

245 913 ინფიცირებული და 10 048 დაღუპული - ასეთია კორონავირუსით დაინფიცირების ბოლო სტატისტიკა. არსებობს პოზიტიური მაჩვენებლებიც - ვირუსი მსოფლიო მასშტაბით თითქმის 89 ათასმა ადამიანმა დაამარცხა.

მიუხედავად ამისა კვლავ მძიმე ვითარება ევროპაშია, რომელიც ისევ ეპიდემიის ცენტრია. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იტალიაში 427 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის საკითხზე ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარულ სხდომას გამართავს ევროპარლამენტი. "დიდი შვიდეულის" ივნისში დაგეგმილი სამიტი კი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

დავიწყოთ მეზობელი სახელმწიფოებით - 4-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. ქვეყანაში ინფიცირების სულ 360-მდე ფაქტია დადასტურებული. COVID-19-ის 136 შემთხვევა ფიქსირდება სომხეთში. აზერბაიჯანში მაჩვენებელი 44, რუსეთში კი ოფიციალურად 199-ია, თუმცა მსოფლიო მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი რეალურ სტატისტიკას მალავს. რაც შეეხება უკრაინას გარდაცვალების 3 და ინფიცირების 26 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს ირანში, სადაც ვირუსით 1 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 19 ათასს აღწევს. ირანის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში მუშაობას აფთიაქებისა და მაღაზიების გარდა ყველა დაწესებულება წყვეტს.

"მტერი ვერ შეძლებს ირანელი ხალხის მუხლებზე დაჩოქებას. მინდა მადლობა გადავუხადო COVID-19-ის წინააღმდეგ თავდაუზოგავი მუშაობისთვის სამედიცინო პერსონალს. ისინი მთავრობას კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან," - აცხადებს ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებმა პროცენტული მაჩვენებლით ჩინეთს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 427-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 405 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 41 ათასს აჭარბებს. მათ შორის 2 000 მედპერსონალია. ჩინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიღებული ზომები COVID-19-თან გასამკლავებლად საკმარისი არ არის. ჩინელი ექიმების გარდა იტალიას ვირუსთან ბრძოლაში ახლო მომავალში კუბელი ექიმებიც დაეხმარებიან.

"სამწუხაროდ იტალიაში დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. კიდევ 400-ზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენმა მედისკოსებმა ამდენივე რაოდენობის პაციენტის გადარჩენა შეძლეს. საერთო ჯამში დაავდებულთა რიცხვი 40 ათასს გადასცდა,"- აცხადებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი.

831-მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში. ინფიცირებულთა რიცხვი კი 19 ათას აღწევს. ე.წ. ჩინური ვირუსის შემთხვევები მატულობს ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებშიც.

დაავადების გამო ამერიკამ სამხედრო ოპერაციები დროებით შეაჩერა ავღანეთსა და ერაყში. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კალიფორნიის გუბერნატორმა შტატის 40 მილიონიანი მოსახლეობისთვის "შინ დარჩენის" განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, კალიფორნია ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, კალიფორნიაში COVID-19-ის 910 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 19 მოქალაქე.

"მოგიწოდებთ რომ დარჩეთ სახლში. მჯერა რომ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლიანად შეხვდებიან მთავრობის მოწოდებას და შეასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს. ამ გზით ისინი შეძლებენ ვირუსისგან დაიცვან როგორც საკუთარი თავი ისე ოჯახის წევრები," - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.

ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების კვლავ კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ბოლო 24 საათში ინფექციით 3 ადამიანი დაიღუპა და 39 დაინფიცირდა ჩინეთში.

სამია გარდაცვლილი სამხრეთ კორეაშიც. რაც შეეხება ახალ ინფიცირებას, ბოლო ერთ დღეში 87 შემთხვევა დადასტურდა. სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპიდან ჩასულ ყველა პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

მსოფლიოში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ ჯამში 10 ათასს გადააჭარბა. უკვე გამოჯანმრთელებულია 88 ათასზე მეტი პაციენტი.

და უახლესი ინფორმაცია: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით მსოფლიოს მოქალაქეების უმრავლესობა კარანტინსა, თუ თვითიზოლაციაში გადავიდა, საგრძნობლად იმატა ინტერნეტის მოხმარებამ, რის გამოც ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს. ამიტომ მასშტაბური სოციალური ქსელები დიდი ალბათობით შეამცირებენ ინტერნეტის ხარისხს. ინფორმაციას ამის შესახებ ალ ჯაზირა ავრცელებს.

დღის ამბები