18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
კორონავირუსით თითქმის 12 ათასი ადამიანი დაიღუპა - 92 ათასი ადამიანი კი განიკურნა

კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 185 სახელმწიფოში გავრცელდა. პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ზომებს ამკაცრებენ. მსოფლიოს ლიდერები მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ. ამ ფონზე კი იზრდება დაინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მსოფლიო სტატისტიკა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით თითქმის 12 ათასი ადამიანი დაიღუპა. დაავადებას ამ დრომდე 276 ათასზე მეტი პაციენტი ებრძვის. არსებობს პოზიტიური სტატისტიკაც. კორონავირუსისგან თითქმის 92 ათასი ადამიანი განიკურნა.

აზერბაიჯანი - დაინფიცირებული 44 და გარდაცვალების 1 შემთხვევა.
სომხეთში 160 ადამიანი დაინფიცირდა. რუსეთში დაინფიცირების რიცხვმა 253-ს მიაღწია, გარდაცვლია 1 ადამიანი. უკრაინა - 41 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი.

რაც შეეხება თურქეთს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში გაორმაგდა და 670-ს მიაღწია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთნ კოჯას ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსმა საერთო ჯამში 9 ადამიანი იმსხვერპლა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თურქეთის მთვარობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა მეჩეთი დახურა.

"სხვა გზა არ გვაქვს, ყველა უნდა დავემორჩილოთ მთვარობის ახალ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან ვერც საკუთარ თავს და ვერ ოჯახის წევრებს ვერ დავიცავთ. ეპიდემიამ ზიანი არამხოლოდ თურქეთს, არამედ მთელ მსოფლიოს მიაყენა," - განაცხადა ადგილობრივმა.

იტალიაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელი რეკორდი მოხსნა. ქვეყანაში დღე- ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 986 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 627 გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 4 032 ადამიანია დაღუპული, მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა 47021-ია. რომის პაპმა ფრანცისკემ, პლანეტის მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ კრიტიკულ მომენტებში საზოგადოებამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს და გაერთიანდეს. იტალიამ გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთსაც გადაასწრო.

"უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ კაცობრიობა ერთიანი საზოგადოებაა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უნივერსალური ძმობა. როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ვფიქრობ, რომ სამყარო ომის შემდგომ პერიოდს დაემსგავსება. სამყაროში არ იქნება არავინ სხვა, აქ ვიქნებით ისევ ჩვენ," - განაცხადა რომის პაპმა.

რაც შეეხება ირანს, ირანში - 19 644 ინფიცირებულია და 1433 გარდაცვლილი.

ხოლო ჩინეთში - 81 003 ინფიცირებული და 3 255 გარდაცვლილი. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რეკორდული კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ კორეაში გარდაცვალების მხოლოდ 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების კი - 147.

აშშ-ს 50 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ახალი კანონმდებლობით სამედიცინო ინვენტარის დამზადებას აორმაგებს. რაც შეეხება ინფიცირებულების რიცხვს - 19 774, გარდაცვალების კი - 275 შემთხვევა.

"ყველა სახის დეზინფორმაცია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ვირუსი შტატებიდან წამოვიდა. ყველა ამერიკელმა და არა მარტო, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღონ. ახლა გამჭვირვალეობა და სიზუსტე ყველაზე მნიშვნელოვნია. მხოლოდ სანდო ინფორმაციის საშუალებით შეგვიძლია ვირუსისგან დავიცვათ თავი," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

ისრაელში პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში რჩება 705 ინფიცირებული. ქვეყნის მთვარობის გადაწყვეტილებით კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს ელექტრონული თვალთვალის სისტემა გამოავლენს.

პოლონეთში ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადეს. პრემიერის მატეუშ მორავიეცკის თქმით, აღნიშნული რეჟიმის შემოღება ხელისუფლებას მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს, რაც პოლონეთის მძიმე კვირების მომზადებისთვის არის საჭირო. ეპიდემიის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ექიმები ქვეყნის იმ ნაწილში გაგზავნონ, სადაც ეპიდაფეთქება დაფიქსირდება. პოლონეთში ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 898 პაციენტია, 62 ათასი ადამიანი კი კარანტინში იმყოფება.

"ვირუსი ყველაზე ძლიერ დარტყმას ხანდაზმულ ადამიანებს აყენებს, მაგრამ დღეს მინდა მივმართო ახალგაზრდებსაც. თქვენ არ ხართ დაუმარცხებლები. შესაძლოა არ დაავადდეთ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება გარეთ გასვლაზე შესაძლოა სხვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები ნებას გრთავენ და შესაძლებლობას იძლევა ისეირნეთ გარეთ, ირბინეთ და შეინარჩუნეთ დისტანცია სხვებისგან. თუ არ შეგიძლიათ გარეთ გასვლა, იპოვეთ სავარჯიშო ვიდეოები ინტერნეტში, იცეკვეთ, დაკავდით იოგით, ან იარეთ კიბეზე," - აღნიშნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა

დღის ამბები