08 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, რამდენად დროულად, ეფექტიანად, უდიდესი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტური რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი.

მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება.

ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები