19 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების კონსულტანტებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს - გახარია

გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განაცხადა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის ყველა იმ სფეროს წარმომადგენელს, რომლებიც კრიზისულ ვითარებაში, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ, მათ შორის მედიკოსებსა და პოლიციელებს. 

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯის გადადგმა, რომ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და მოქალაქეებმა ეს ვირუსი დაამარცხონ.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარ გადავდგათ პრევენციული ნაბიჯი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი სრული რწმენა იმაში, რომ ჩვენ ამ განსაცდელიდან, ამ მძიმე გამოწვევიდან, გამოვალთ გამარჯვებულები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები