19 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
ყველა შედარება ქრისტიანობის ისტორიულ დევნასთან უპასუხისმგებლობაა - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე, აუცილებელია ეს შეეხოს ეკლესიასაც.

ბოკერიას თქმით, შედარება თითქოს აღნიშნულით ქრისტიანობა იდევნება, უპასუხისმგებლობაა.

"მთავრობა ვალდებულია, თუკი ის სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე ან იმ ტიპის შეკრებებზე, რომელიც ძალიან ზრდის გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას, მათ შორის ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად გაუგებარი იქნება თუ ეს ასე არ მოხდება.

ყველა შედარება ისტორიულ დევნასთან ქრისტიანების არის უადგილო და ასევე უპასუხისმგებლო. იმიტომ, რომ ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადების გავრცელების რისკების შემცირება და აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკითხს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. მისი განმარტებით, საპატრიარქოს სპეციალისტების რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინა.

"მე ვფიქრობ, რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა უფრო სერიოზულად მივუდგეთ იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დღეს დგას. სპეციალისტების რჩევები ამ თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული უფრო მეტი სიფრთხილით და მე ნამდვილად არ მინდა პრაქტიკამ აჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ათ კაცზე მეტის შეკრებას კრძალავს, შეზღუდვა ეკლესიას და რელიგიურ რიტუალებსაც ეხება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უძღოდა საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლებოდა.

დღის ამბები