27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის მხარდასაჭერად ოპოზიცია ბოიკოტს ერთი დღით წყვეტს

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე ოფიციალურად გამოაცხადა. სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ დეკრეტს კენჭი ახლა პარლამენტმა უნდა უყაროს. სხდომას პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი და პრეზიდენტი დაესწრებიან.

"საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შესაბამის აქტს მოაწერენ ხელს, თუმცა დღეს პარლამენტი შეიკრიბება და შეკრებისთანავე დამტკიცდება შესაბამისი აქტი. ვფიქრობთ, რომ ზუსტი დროა შერჩეული ამ აქტის გამოსაცემად და დარწმუნებული ვარ ექნება მხარდაჭერა," - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარდაჭერას უცხადებს პარლამენტის უხუცესი წევრი რევაზ არველაძეც. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერენ "ევროპულ საქართველოშიც", თუმცა მათი თქმით, პრინციპული პოზიციაა, რომ საგანგებო რეჟიმი დროში განსაზღვრული იყოს.

"მნიშვნელოვანია ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამ ექსკლუზიურ უფლებებს, ჩვენ უნდა ვნახოთ ძალიან მკაფიო სტრატეგია, კორონავირუსთან ბრძოლის, მათ შორის ეკონომიკურიც," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ერთი დღით საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას და საგანგებო მდგომარეობის შემოღების მხარდაჭერას აპირებს "ნაციონალური მოძრაობაც". სალომე სამადაშვილის თქმით, ვერ მოხერხდა, რომ საზოგადოებას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი წესები მკაცრი ზომების შემოღების გარეშე დაეცვა. თუმცა როგორც სამადაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია დაცული იყოს სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლება:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვითარება არ იყოს გამოყენებული სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციის თავისუფლების შესაზღუდად," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში წესდება პროპორციულია და გადამეტებული არ არის. 

"ამ ღონისძიებების გატარება საჭიროა იმისთვის, რომ კრიზისი ავიცილოთ და დღეს არსებულ მდგომარეობას ადეკვატურად ვუპასუხოთ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები