18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
ევროპა, როგორც კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრი - COVID 19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით

თითქმის 309 ათასი ინფიცირებული და 13 ათასამდე დაღუპული - ასეთია მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID 19-ით დაინფიცირების ბოლო სტატისტიკა. ვირუსმა უკვე 188 სახელმწიფოში შეაღწია. ფატალური შემთხვევების რაოდენობით რეკორდი მოხნა იტალიამ და პანდემიის პირველწყაროს, ჩინეთსაც კი გადაუსწრო.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 306 და გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლი მონაცემებს აყალბებს.

სომხეთში კორონავირუსს 160 ადამიანი ებრძვის. ქვეყანაში, ამ დრომდე, ვირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აზერბაიჯანში COVID 19-ით დაავადებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, გარდაცვლილი კი 1 პაციენტია. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 947 და გარდაცვალების 21 შემთხვევაა რეგისტრირებული თურქეთში, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას წესებისა და რეკომენდაციების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 793 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანამ ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. იტალიაში ვირუსმა, დაახლოებით 5000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 53 578-ს აღწევს. 

იტალიის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა ესპანეთში გამოვლინდა. COVID 19-ის დიაგნოზი 26 000 პაციენტს დაუდგინდა, გარდაიცვალა 1381 ადამიანი. 

ესპანეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია. ვირუსის მატარებელი აქ 22 000 ადამიანია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის დასამტკიცებლად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზეც კი გავიდა. 

ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აშშ-ში კორონავირუსს 26 888 ადამიანი ებრძვის, გარდაცვალების კი 388 შემთხვევა დაფიქსირდა. შტატებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. 

ირანში მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობს. ქვეყანაში დაინფიცირების 20000-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 2000-მდე ფაქტია დადასტურებული. 

ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში კი სტატისტიკის გაუმჯობესების ტენდენციაა შენარჩუნებული. ჩინეთში 24 საათის განმავლობაში 6 ფატალური და დაინფიცირების 46 შემთხვევა დადასტურდა. 

დღის ამბები