27 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
ავიაკომპანია, რომელიც რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ ბილეთებზე მისაღები ფასები დააწესოს - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას განცხადებით, ყველა კომპანია ვალდებულია ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესებს დაემორჩილოს. 

მინისტრის განმარტებით, კვირაში 2 ჩარტერული რეისი შესრულდება ჩვენი მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან ჩამოსაყვანად და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს მკაცრადაა გაფრთხილებული ბილეთებზე მისაღები ფასები დააწესოს.

"ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან. მათ შორის ავიაკომპანიებიც.

კვირაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვაწესებთ.

ასევე გაფრთხილებულია, რომ თანამემამულეების ჩამოყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით უნდა მოხდეს. ავიაკომპანიისგან მიღებული გვაქვს დასტური, რომ ამას ყველაფერს დაემორჩილებიან, იმიტომ, რომ ესაა მოცემულობა", - აღნიშნა თურნავამ მთავრობის მხრიდან ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხის კომენტირებისას.

დღის ამბები