19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
კარანტინის პირველი დღე მარნეულში - მოქალაქეები სახლებიდან გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების გამო გამოდიან

მარნეულში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადდა. ქალაქში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები პროდუქტებს იმარაგებენ.

ბოლნისში დახურულია სავაჭრო ობიექტები, ქუჩებში შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, მოქალაქეები კი სახლებიდან გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების გამო გამოდიან.

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებთან თავდაცვის დანაყოფები დგანან. სამხედროების მობილიზება კორონავირუსთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირდება.

ქვემო ქართლის რეგიონში ფუნქციონირებს სპეციალური გამშვები პუნქტები და პოლიციასთან ერთად, რისკზონაში გადაადგილებას ჯარიც აკონტროლებს.

ადგილობრივები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აცნობენ საკუთარ დოკუმენტებს, რის შემდეგაც ისინი ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადაჰყავთ. მთავარი გაფრთხილება არის ის, რომ მათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ამ ვითარებაში არ მიეცემათ.

საველე ჰოსპიტალის გარდა ადგილზე სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი პრემიერ-მინისტრმა გუშინ, გვიან ღამით სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

გიორგი გახარაიამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ხოლო მისი კონტაქტების სია ვრცელია.

დღის ამბები