19 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, არ ეხება სხვადასხვა მომსახურების სფეროს, არ ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მშენებლობას - თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულია 2 ტიპის რეჟიმი. პირველი, მკაცრი კარანტინის რეჟიმი, მხოლოდ მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს, ხოლო მეორე, მსუბუქი რეჟიმი, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება.

მინისტრის განმარტებით, შეზღუდვები არ ეხება ეკონომიკურ საქმიანობას, საწარმოების მუშაობას, სხვადასხვა მომსახურების სფეროს და ასევე, არც მშენებლობას. 

"ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს 2 ტიპის რეჟიმი. ერთი რეჟიმი არის მკაცრი კარანტინი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და უფრო მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.

მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, არა მარნეულის და არა ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, არამედ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დღესდღეობით ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება. შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, არ ეხება სხვადასხვა მომსახურების სფეროს, არ ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არ ეხება მშენებლობას და ბევრ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას.

უბრალოდ, მთავარია ეპიდემიოლოგების მიერ ნაკარნახევი წესები, რაზედაც ასევე ძალიან დეტალური განმარტება გაკეთდა. დარგობრივ გაიდლაინებსაც ვამზადებთ ამ დღეებში და მივაწვდით სხვადასხვა დარგის საწარმოს და ბიზნესასოციაციებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები