12 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
ლარის მკვეთრი გაუფასურება - ოპოზიცია ხელისუფლებისგან კრიზისული ბიუჯეტის წარდგენას მოითხოვს

ოპოზიციის განცხადებით, ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე მსოფლიო კრიზისის გარდა პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდსაც ეკისრება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციები არ არის საკმარისი და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს სამომავლოდ რა სახის მასტიმულირებელ ეფექტს ჩართავს ეკონომიკისთვის. ოპოზიცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს საგადასახადო ვალდებულებებზე გადახედვა და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს კრიზისული ბიუჯეტი:

"სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს მთავრობა და წარმოადგინოს კრიზისული ბიუჯეტი. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა შემოგვთავაზოს ფინანსური სტაბილურობის გეგმა. ბიუჯეტი, რაც ბოლო წლებში იქნებოდა მფლანგველური, უყაირათო, კორუფციული, იყო ყოველთვის ფასების ზრდისა და ლარის არასტაბილურობის წყარო. იქნებ ამ კრიზისმა მაინც გამოაფხიზლოს ხელისუფლება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს გადასახადების შემცირებას და საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლს:

"ლარის გაუფასურების შესაჩერებლად არ არის საკმარისი ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების პერიოდული გაყიდვა. ამ პროცესის შეჩერებას სჭირდება რადიკალური ეკონომიკური ნაბიჯები ქვეყნის შიგნით, უმთავრესი ამათგან არის გადასახადების შემცირება, ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ლარის გამყარებისკენ. გარდა ამისა, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან 21 თეთრით გაუფასურდა და 25 მარტს ოფიციალური კურსით 1 დოლარის ღირებულება 3,44 ლარი იქნება. ევროს ღირებულებამ კი 3.74-ს მიაღწია. გაუფასურების გამო ცენტრალური ბანკი სავალუტო რეზერვიდან 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე ინტერვენციაა.

დღის ამბები