ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო აჭარა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს ინფექციური საავადმყოფოს გარდა კლინიკა "მედალფასა" და ქობულეთში "ევექსის" რეგიონალური ჰოსპიტალშიც განათავსებენ.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 5 პაციენტია მოთავსებული, ოთხის მდგომარეობა სტაბილური, ერთის კი საშუალო სიმძიმისაა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგიონში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და ამათგან კორონავირუსი 7 დაუდასტურდა. აქედან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1300-ზე მეტი პირია მოთავსებული, 100 აღემატება თვითიზოლაციაში მყოფების ოდენობა.
"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არის COVID-19 დადასტურებული 5 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას. მათ შორის ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის. მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, ამიტომ ინფექციურ საავადმყოფოს პარალელურად ვამზადებთ დამატებით კლინიკებს. ეს იქნება "მედალფას" კლინიკა, რომელიც ხვალ გაეშვება ამ ინფექციის სამართავად და მალევე მას დაემატება ქობულეთში "ევექსის" რეგიონალური ჰოსპიტალი," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.