18 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 3 შესაძლოა ხვალ გაეწეროს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული COVID 19-ით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ლევან რატიანის თქმით, მათი სინჯები ანალიზისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და შესაძლოა, მათ კლინიკა ხვალვე დატოვონ.

ლევან რატიანმა COVID-19-ით ინფიცირებული, 22 კვირის ორსული ქალის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 3 ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. ლევან რატიანს ახალშობილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც რატიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა, ახალშობილები მარნეული-ბოლნისის რაიონიდან არიან და რადგან ეს რეგიონი გამოცხადებულია წითელ ზონად, ამიტომ ითვლება ეს შემთხვევები საეჭვოდ, თუმცა, დღენაკლულ ახალშობილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობის შემთხვევები COVID 19-ის ინფექციის გარეშეც საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ლევან რატიანის თქმით, 13 ინფიცირებული პაციენტიდან 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 59 საეჭვო პაციენტიდან 13-ს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის სულ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

საქართველოში კორონავირუსი უკვე 13-მა პაციენტმა დაამარცხა. 

დღის ამბები