20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
თურქეთი COVID-19-ის პირველ ათეულშია, ბაქო უმკაცრეს ზომებს იღებს - საქართველოს სამეზობლოში ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 73-ით მოიმატა და ქვეყანაში ინფიცირების 736 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 პირი, ხოლო COVID-19-ის დამარცხება უკვე 43-მა პაციენტმა შეძლო.

ახალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ოფიციალური ბაქო მთელი რეგიონის მასშტაბით უმკაცრეს კარანტინის ნორმებს აწესებს. მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა პოლიციის თანამშრომლისგან წინასწარი ნებართვის აღების გარეშე. გარდა ამისა, 5 აპრილიდან ამოქმედდება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოსახლეობა გარეთ გასასვლელად ონლაინ ნებართვის აღებას შეძლებს. აზერბაიჯანში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 443 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 5 პირი, გამოჯანმრთელდა 32 ადამიანი.

ოკუპანტ რუსეთში კიდევ 4 ახალი ფატალური შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 34 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 4149 პირი. ამ ფონზე რუსეთი 4 აპრილიდან ყველა სახის საერთაშორისო ფრენას წყვეტს. შეზღუდვა სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილ ფრენებსაც ეხება.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ათასს გადააჭარბა. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი პაციენტთა რეკორდულ რაოდენობას, 175 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში გარდაცვლილია 27 ადამიანი, ვირუსი უკვე 22 პაციენტმა დაამარცხა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვია 1072.

შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მძიმე ვითარებაა თურქეთში, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულში გადაინაცვლა. თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 2 786 შემთხვევა დაფიქსირდა, 69 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანას 20 921 ინფიცირებული და 425 გარადაცვლილი ჰყავს . ამ ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 უმსხვილესი ქალაქის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 20 წლამდე ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ, ნიღბის ტარება კი სავალდებულო ხდება.

დღის ამბები