20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 266 000-ს გადააჭარბა - "ფორდი" და "ჯენერალ ელეკტრიკი" ხელოვნური სუნთქვის აპარატების დამზადებას იწყებენ

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ 266 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 6 803 ადამიანი. ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილად კვლავ ნიუ-იორკი რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალური შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ჯამში შტატში გარდაცვლილია 2 935 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 102 000-ს გადააჭარბა. ნიუ-იორკის გარდა, მძიმე ვითარებაა ნიუ-ჯერსიშიც. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ინფიცირებულთა მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში ნიუ-ჯერსი შესაძლოა ახალ ცხელ წერტილად იქცეს.

ქვეყანაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობისა და დამცავი საშუალებების დეფიციტის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიები, "ფორდი" და "ჯენერალ ელეკტრიკი",  უახლოეს 100 დღეში 50 000 ხელოვნური სუნთქვის აპარატისა და სამედიცინო ნიღბების დამზადებას დაიწყებენ.

პენტაგონის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულები ნიუ-იორკში, ახალ ორლეანსა და დალასში განთავსებულ დროებით სამხედრო ჰოსპიტალებში გაივლიან მკურნალობას.

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, შტატში შექმნილი ხელოვნური სუნთქვის აპარატების დანაკლისს შეავსებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებიდან, სადაც მათი გამოყენების უკიდურესი საჭიროება არ არსებობს.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მსგავსი მასშტაბით გავრცელების გამო საუბარია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარიმართოს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმატი საფრთხის შემცველია და მისთვის მისაღები საარჩევნო მოდელი  ID ბარათით ხმის მიცემაა.

დღის ამბები