თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი ინფიცირებული 7 პაციენტიდან მათთან ერთი პაციენტია მოთავსებული, რომლის დაინფიცირების წყარო ამერიკაა.
"გუშინ დილის მონაცმებით იყო 188 ინფიცირებული პაციენტი, დაგვემატა 7, ამჟამად არის 195. ამ 7-დან ერთ-ერთი ჩვენთან არის მოთავსებული, წყარო არის ამერიკა. ჩვენს ცენტრში 195-დან იმყოფება 69 პაციენტი და განკურნებულია 29 პაციენტი. ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი, საიდანაც 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ სტაბილურია და ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან. გარდა ამისა 22 პაციენტი არის პნევმონიით, საშუაულო სიმძიმის, რომლის მართვაც კეთილსაიმედოა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც ყველას პასუხი უარყოფითი დადგინდა. დღის მეორე ნახევარში კი ახალი ტესტირებების შედეგები გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრში საკარანტინო სივრციდან ერთი ახალი პაციენტი შევიდა, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.
"ახალი პაციენტი გუშინ გვიან შემოვიდა ჩვენს ცენტრში, ზოგადი მდგომარეობით არ არის მძიმე ჯერჯერობით. დღეს მას სრული კვლევები ჩაუტარდება. იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში," - აღნიშნა ეზუგბაიამ.