19 დეკემბერი 2024,   09:54
ვრცლად
როგორ აღასრულებს ეკლესია ღვთისმსახურებას და როგორ დაიცავს ხელისუფლება ეკლესიის უფლებას - საპატრიარქო ახალ ალგორითმზე არ საუბრობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდა სინოდის 43 წევრი იმ ახალ ალგორითმში მოხვდნენ, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, COVID-19-ზე აგრესიული ტესტირება ჩაუტარდეთ. მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სწრაფი ტესტით შემოწმდება 49 ეპარქიაში მოღვაწე ყველა ღვთისმსახური და მონასტერში მცხოვრები პირი, ვისაც ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები ექნება.

პრიორიტეტულ ჯგუფში, ვისაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე არიან თავდაცვის ძალების, პენიტენციური, ხანდაზმულთა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი ადამიანები.

სასულიერო პირების აგრესიულ ტესტირებაზე დასმულ კითხვას დღეს პრემიერმა ირიბად და კონკრეტიკის გარეშე უპასუხა.

საქართველოს საპატრიარქო მთავრობის გადაწყვეტილებას დუმილით პასუხობს. წმინდა სინოდიდან დღეს აგრესიულ ტესტირებაზე მხოლოდ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპილიტმა ისაუბრა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ პოზიცია არ შეუჯერებია, თუმცა თავად მაღალი რანგის იერარქი მზადაა ტესტირება ჩაიტაროს. აგრესიული ტესტირება არაა ერთადერთი საკითხი, რაზეც წმინდა სინოდს ჯერ არ უსაუბრია, მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიებისგან განსხვავებით, ქართულ ეკლესიას ჯერ არც ის გადაუწყვეტია, შეიტანს თუ არა ცვლილებებს სააღდგომო ღვთისმსახურებაში.

სააღდგომო ლიტურგიამდე 10 დღით ადრე საზოგადოებამ იცის მხოლოდ ის, რომ ეკლესია და ხელისუფლება მსჯელობენ დახურულ კარს მიღმა ისე, რომ მოლაპარაკების დეტალები უცნობია. ეკლესია პოზიციის გაჟღერებას დიდი ხუთშაბათის შემდეგ აპირებს, ხელისუფლება კი გვაიმედებს, რომ საპატრიარქოსა და მათ შორის შეთანხმება შედგება ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და არც მრევლის უფლება შეილახოს.

ხელისუფლებამ უკვე ზუსტად იცის, რომ სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით უყურებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრადიციას არღვევს და აღდგომას ტაძარში მისვლას არ გეგმავს.

სანამ საქართველოს საპატრიარქო მსჯელობს და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება ტრადიციას დაარღვევს და ლიტურგიაზე არ მივა. თუმცა, მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდაა დარჩენილი, როგორ აღასრულებს ეკლესია ღვთისმსახურებას კანონის ფარგლებში და როგორ დაიცავს ხელისუფლება ეკლესიის უფლებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და ერთ სივრცეში ერთდროულად სამი ადამიანის შეკრება იკრძალება.

ავტორი: შოთა კიკნაძე

დღის ამბები