20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
კორონავირუსის ეპიცენტრად აშშ რჩება, ჩინეთში ეპიდემიის მეორე ტალღას ვარაუდობენ

ინფიცირების მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევა და 114 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა. "კოვიდ -19"-ის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ბოლო 24 საათში 1,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვი 22 ათასს აჭარბებს, ინფიცირების შემთხვევები კი ნახევარ მილიონს გადაცდა.

დღე-ღამის განმავლობაში 603-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. გარდაცვალების 431 და ინფიცირების 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ბრიტანეთში კი, კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა.

აპრილის დასაწყისიდან დღემდე, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც ვირუსს ბოლო ერთ დღეში 561 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 5 კვირაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩინეთში. ინფიცირების 108 შემთხვევიდან 98 იმპორტირებულია. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვირუსის მეორე ტალღა დაიწყოს.

"კოვიდ-19"-ის მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებში. ინფიცირების 57 ათასამდე შემთხვევით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა თურქეთი. ქვეყანაში ვირუსს 1,200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში - 130, სომხეთში  - 13, აზერბაიჯანში კი 11 პაციენტია გარდაცვლილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან რამდენიმე დასახელების საკვები და სამედიცინო პროდუქციის ექსპერტი აიკრძალა.

მსოფლიოს მასშტაბით 423 ათასზე მეტმა ადამიანმა "კოვიდ-19" უკვე დაამარცხა. 

 

 

დღის ამბები